ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ ჩამოაგდეს ვერტმფრენი, რომელმაც სამოქალაქო კოლონას ცეცხლი გაუხსნა. მისი სიტყვების დადასტურება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
სად მოხდა ეს და რა ვითარებაში - პრიგოჟინი არ უთითებს. ამავდროულად, თვითმხილველებმა ტელეარხ Rain-ს განუცხადეს, რომ დონის როსტოვში უკვე მესამე საათია ქალაქის თავზე შვეულმფრენების ხმები ისმის.
მანამდე პრიგოჟინი აცხადებდა, რომ როსტოვში შედიოდა. მოგვიანებით, მან მორიგი აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ჰაერში ორი ხომალდი იყო, რომლებსაც საცხოვრებელ რაიონებზე დარტყმის განხორციელება ჰქონდათ დავალებული:
"სიმამაცე უნდა გამოიჩინოთ და იერიშები მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მიიტანოთ, როცა ჩვენი ქვეითები გადაადგილდებიან. ამიტომ ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ახლა ფრონტზე ვინმეს ბრძოლაში ხელს ვუშლით, ეს ტყუილია. ხელს არავის ვუშლით. ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა - რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს - გერასიმოვსა და შოიგუს".
როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები.
23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.
მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია".
ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა გზავნილი და ვიდეომასალა ვაგნერის ბანაკებზე დარტყმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და "წარმოადგენს ინფორმაციულ პროვოკაციას".
ამასთან, ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მოსკოვში და დონის როსტოვში ჯავშანტექნიკა შენიშნეს. მოსკოვში სამხედრო ტექანიკამ სახელმწიფო დუმასთან ჩაიარა. გადაკეტილია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ქუჩა.
პრიგოჟინის განცხადების ფონზე საფონდო ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების ფასი დაეცა.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ვაგნერის მებრძოლებს მოუწოდებს, დააკავონ მათი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.
პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.
ამ დროისთვის პრიგოჟინის ქმედებები ან განცხადებებიბი მტკიცებულებებით არ დასტურდება.